გვინდა უკვე ოფიციალურად განვაცხადოთ მორიგი კარგი ამბავი Meurneoba.ge მეორე საწარმოს გახსნის! ინტენსიური მოლაპარაკეკების შედეგად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ''მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდთან'' - ხელშეკრულება გულისხმობს თანამშრომლობას მუხრანის ნიკო ბურის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ჩვენი პროექტის Meurneoba.ge -ს ოფიციალურად დაწყებას.
Meurneoba.ge - 7 თვეში გაფართოვდა და უკვე მეორე ქართულ საჯარო სკოლას ექნება საკუთარი საწარმო და დამოუკიდებელი შემოსავალი. სოფელ მუხრანში, ნიკო ბურის სახელობის საჯარო სკოლაში ახალი სათბური აშენდება, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მოიყვანენ კიტრის კულტურას.
გვინდა პროექტის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ''მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდს'', მის დამფუძნებელს დოქტორ ფრედერიკ პოლსენს, ფონდის მთლიან გუნდსა და მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა ადამიანს გამოცხადებული ნდობისთვის, პარტნიორობისა და სრული მხარდაჭერისთვის.
ფონდის ჩართულობამ გვაგრძნობინა, რომ იმას, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და მათი მხარდაჭერა უფრო გვაძლიერებს. გვჯერა დაწყებული საქმის და გვჯერა რომ მსგავსი ორგანიზაციებისა და ადამიანების ჩართულობით მივაღწევთ დასახულ მიზანს: ყველა ქართულ საჯარო სკოლაში იყოს პროექტი Meurneoba.ge და ყველა ქართულ სკოლას ქონდეს საკუთარი საწარმო.
ყველა ქართულ სკოლას ქონდეს საკუთარი შემოსავალი განვითარებისთვის, ხოლო ბავშვებმა სკოლის პერიოდში პრაქტიკაში ისწავლონ კომპანიის შექმნა მართვა განვითარება და დამატებით 16 პროფესია.
რა არის მეურნეობა?
Meurneoba.ge გულისხმობს ქართული სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და Enterprise to School სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე სხვადასხვა საწარმოების მოწყობასა და ახალი ბრენდის - მეურნეობა შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის შედეგად, მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ ისწავლონ საწარმო და აგრო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, მართვა და ლოჯისტიკა მეწარმეობა და ყველა იმ საჭირო რგოლის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საწარმოს მართვისა თუ ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის.
コメント